Monday, July 22, 2013

19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება მე-9 არხმა შეიძინა

9 წლამდე ფეხბურთელთა შორის უეფას 2013 წლის  ევროპის ჩემიონატის შეხვედრების ტელერეპორტაჟს საქართველოში ტელეკომპანია მეცხრე არხი უზრუნველყოფს. საქართველოს 19 წლამდე ნაკრები ლიტვაში ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას ჩაატარებს.

20 ივლისი - საფრანგეთი-საქართველო 20.00
23 ივლისი – სერბეთი-საქართველო  19.30
26 ივლისი – საქართველო – თურქეთი 17.30

ტელეკომპანია მეცხრე არხი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ჯგუფური ეტაპის მხოლოდ ორ შეხვედრას გადასცემს.სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატის სატელვიზიო უფლებების მფლობელი EUROSPORT – თურქეთისა და საქართველოს მატჩის ტრანსლაციას არ გეგმავს.
ტელეკომპანია მეცხრე არხი 19 წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა მონაწილეობით პირდაპირ ეთერში სულ ხუთი შეხვედრის რეპორტაჟს გეგმავს. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მონაწილეობით გასამართი ორი მატჩის გარდა, ქართველი მაყურებელი ნახევარფინალური ეტაპის ორ შეხვედრას და ფინალურ დაპირისპირებასაც იხილავს.

სფფ-ის პრესსამსახური


დინამო ფარერებზე გაემგზავრა



დღეს, დილის ცხრა საათზე დინამო თბილისი ჩარტერული რეისით ფარერის კუნძულებზე გაემგზავრა. ჩვენი გუნდი ტორსჰავნში სასტუმრო Hotel Føroyar–ში დაბინავდება. დინამოელები დღეს საღამოს მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. 23 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ებ/სტრეიმურის წინააღმდეგ გამართავენ.

წყარო:FCDINAMO.GE

Tuesday, July 9, 2013

„ტორპედო“ სლოვაკეთშია და დამდეგი მატჩისთვის ემზადება


თბილისი-ვენის რეისით ქუთაისის „ტორპედომ“ სლოვაკეთამდე ავტობუსით იმგზავრა და დანიშნულების ადგილზე დაბინავდა.
ქუთაისურმა გუნდმა ქალაქ ჟილინაში უკვე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა და აგრძელებს მზადებას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის, რომელსაც 11 ივლისს, „პოდ დუბნომის“ 11 000-იან სტადიონზე მასპინძელ ს/კ „ჟილინასთან“ გამართავს.

წყარო:http://fctorpedo.ge

პეტერ გრაიციარს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა




დღეს ჩვენი გუნდის სლოვაკ ფეხბურთელს, პეტერ გრაიციარს კლინიკა მედი ქლაბ ჯორჯიაში, პირველადი სამედიცინო გამოკლევა ჩაუტარდა.

მერაბ ვარძუკაშვილი -  წინასწარი მონაცემებით პეტერ გრაიციარს მუხლის იოგოვანი აპარატის ნაწილობრივი დაზიანება აღენიშნება. დაზუსტებული დიაგნოზი დეტალური კვლევების დასრულების შემდეგ 3-4 დღეში გახდება ცნობილი.


Monday, July 8, 2013

მხოლოდ გულში!!



"დინამო არენაზე" გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ინტერნეტში ჩვენთვის უსიამოვნო ფოტო გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. თამაში საინტერესო გამოდგა - იყო გოლები, მომენტები, უშეღავათო ბრძოლა მოედანზე... 

თუმცა იყო უსიამოვნო ეპიზოდებიც.

შეხვედრის დროს ქართველ ქომაგთა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა, რუსი ფანების საქციელიდან გამომდინარე, რომლებმაც ტრიბუნაზე რუსეთის იმპერიალისტური დროშა გამოფინეს.


ფოტოზე ჩანს, რომ სკამზე თავიდან ქართველი გულშემატკივრების ფლაერი იყო დაწებებული, რომელზეც ეწერა: ABKHAZIA & SAMACHABLO IS GEORGIA ("აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა"). ზედ რუსული წარწერიანი ფლაერია გადაკრული - ვფიქრობთ, კომენტარი ჩვენგან ზედმეტია.

წყარო:ambebi.ge

ირინა შეიკი "დინამო არენაზე" უხერხულ პოზაში დააფიქსირეს

ფოტოები:








7 ივლისს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგურ მატჩს პორტუგალიისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო დაესწრო. 

კრიშტიანო რონალდომ თამაშს თავის მეგობარ გოგონასთან, ირინა შეიკთან ერთად უყურა.

ფოტორეპორტიორების ყურადღება ფეხბურთელის მოდელმა შეყვარებულმა უმალვე მიიპყრო. მოდელს მოკლე ზედატანი და ღრმად შეხსნილი ქვედაბოლო ეცვა. 

ქვედაბოლომ რუს მოდელს სკამზე დაჯდომისას უხერხულობა შეუქმნა: მას დაჯდომაში ოთხი მამაკაცი ეხმარებოდა. შეიკი სკამზე გადაბიჯებას ცდილობდა, როდესაც ფოტოგრაფებმა გადაიღეს.

"დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და მოსკოვის "დინამოს" ამხანაგური საფეხბურთო მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

რონალდოს გარდა, მატჩს ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე დაესწრნენ.

წყარო:ambebi.ge

FC Dinamo Tbilisi 1:1 FC Dynamo Moscow

http://www.myvideo.ge/?video_id=2088675

ვასილ მაისურაძემ ნაკრები შეკრიბა



ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ვასილ მაისურაძემ 1995 წელს დაბადებულთა ნაკრები კვლავ შეკრიბა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ამ ნაკრებს ასაკიდან გამომდინარე პაუზა ჰქონდა, ვინაიდან უეფას ოფიციალური ტურნირები აღარ უწევდა.
შემოდგომიდან კი, მაისურაძის გუნდი უკვე 19-წლამდე ნაკრების რანგში ევროშესარჩევს დაიწყებს.
ამჯერად, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შეკრიბა, რადგან ფეხბურთელების დიდი ნაწილი თავის კლუბებთან ერთად შეკრებაზეა; რამდენიმე კი, გია ცეცაძის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობაშია და ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება.
ნაკრები სასტუმრო „პრესტიჟში“ ცხოვრობს და ყოველდღიურ ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ატარებს. ვასილ მაისურაძის განკარგულებაში 23 ფეხბურთელია, რომელთაგან ბევრია ახალი სახე და ნაკრების მწვრთნელი მათ ამხანაგურ ტურნირებში გამოცდის.
მეკარეები: ნიკა შერმადინი („დინამო“ თბილისი), ალექსანდრე ადამია („გაგრა“), ოთო გოშაძე („საბურთალო“)
მცველები: ოთარ კაკაბაძე, გიგა სამხარაძე, ბექა მელიქიძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ჯემალ ტაბიძე („საბურთალო“), ნიკა ჩხეიძე („კალმარი“, შვედეთი), ცოტნე ქებურია, ალეკო ჩაკვეტაძე (ორივე „ჩიხურა“)
ნახევარმცველები: გიორგი თევზაძე („საბურთალო“), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, არჩილ მესხი, თორნიკე მაჭავარიანი (ყველა „დინამო“ თბილისი), ლუკა კიკაბიძე („ტორპედო“, ქუთაისი), თენგიზ წიქარიძე („დილა“, გორი), ლევან შენგელია, ლაშა ქოჩლაძე (ორივე „ჩიხურა“)
თავდამსხმელები: ვანო წილოსანი („დინამო“ თბილისი), დავით მაკარაძე („ვიგრი სუვალკი“, პოლონეთი), ილია კერძევაძე („ჩიხურა“), დავით დარციმელია (უგუნდოდ)
5 ივლისს, გამთენიას, ნაკრები ბელარუსში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 7 ივლისს, ჩვენი გუნდიისრაელის ნაკრებს ეთამაშება; 9 ივლისს კი, ჩვენი ფეხბურთელები უკვე მასპინძელთა ნაკრებთან მოსინჯავენ ძალებს და სამშობლოში იმავე საღამოს დაბრუნდებიან.

სფფ-ის პრესსამსახური 

დინამო თბილისი 1:1 დინამო მოსკოვი



დინამო არენაზე გამართული საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო მოსკოვი შეხვდნენ ფრედ – 1:1 დასრულდა. მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და სახიფათო მომენტები როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა.

ანგარიში დაპირისპირების მესამე წუთზე გაიხსნა, გოლი სტუმართა ფეხბურთელმა – ვლადიმირ სობოლევმა გაიტანა. ჩვენმა ფეხბურთელებმა წონასწორობა შევედრის 75–ე წუთზე აღადგინეს, გოლი ჩისკომ გაიტანა.

დინამო თბილისი 1:1 დინამო მოსკოვი
გოლები: 0:1 სობოლევი 3, 1:1 ჩისკო 75’

დინამო თბილისი: ლორია, ძარია, ხმალაძე, კვარაცხელია (შაშიაშვილი 80’), სეთურიძე, მერებაშვილი (ლექვთაძე 65’), ჩისკო (ხოჭოლავა 88’), დვალი (გრიგალაშვილი 58’), უსტარიცი, გრაიციარი (პაპავა 73), კვირკველია (გლიშიჩი 69’)

დინამო მოსკოვი: შუნინი, ფერნანდესი, ეპურიანუ, უილშირი (შიტოვი 46’) (ჩიჩერინი 88’), ლომიჩი, იუსუპოვი (ფლორესკუ 46’), ნობოა (ზობნინი 74’), სობოლევი (გატაგოვი 46’), ვორონინი (ჯუჯაკი 75’), სმოლოვი (პანიუკოვი 79’), სოლომატინი (ტაშაევი 60’)

გაფრთხილება: შაშიაშვილი – სმოლოვი, გატაგოვი, ტაშაევი, ფლორესკუ, ზობნინი, ფერნანდესი

მწვრთნელებმა დღევანდელი მატჩი შეაფასეს



დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.
დან პეტრესკუ – კარგი თამაში იყო. ჩვენთვის ნაყოფიერი სპარინგი შედგა. მოიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ იყო, პირველ ნახევარში მეტოქე დიდ უპირატესობას ფლობდა. მეორე ტაიმში თანაბარი თამაში იყო. გოლის გატანა ჩვენც შეგვეძლო, თუმცა აქეთ გავუშვით და მატჩი ფრედ დასრულდა.

დუშან უჰრინი – ვფიქრობ კარგი თამაში გამოვიდა. მეორე ტაიმში ოდნავ დაბალი ტემპი იყო, ვინაიდან ბევრი ცვლილება გავაკეთეთ. მეტოქე საკმაოდ ძლიერი იყო, ამ შედეგით კმაყოფლი ვარ. ბევრი მონენტი გვქონდა გოლის გატანის, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვცდოდავდით. მთლიანობაში ორი უხეში შეცდომა დავუშვით, ერთ–ერთ მათგანს კი ჩვენს კარში გაშვებული გოლი მოჰყვა.

წყარო:FCDinamo.ge

Sunday, July 7, 2013

Dinamo Tbilisi 3-0 Liverpool Champions Cup 03.10.1979 - ყველა გოლი

http://www.myvideo.ge/?video_id=2088394

კახა კალაძე: "მინდა ორი სპორტული სკოლა გავხსნა ჩემს მშობლიურ სამტრედიაში"





კახა კალაძე: "მინდა ორი სპორტული სკოლა გავხსნა ჩემს მშობლიურ სამტრედიაში"
უკრაინული სპორტული გაზეთი КОМАНДА კახა კალაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი განვლილ სპორტულ კარიერას იხსენებს.

- ჯერ კიდევ გამოუცდელი და მოკრძალებული ახალგაზრდა იყავით, როცა ვალერი ლობანოვსკის მიწვევით კიევის დასაპყრობად ჩამოხვედით. ცოტა ხნის წინ კი უკვე ფეხბურთს გამოეთხოვეთ. კმაყოფილი ხართ თქვენი განვლილი საფეხბურთო კარიერით?

- ახლა, როცა უკან ვიხედები, იმ თითქმის 20-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, შემიძლია ვთქვა, რომ უკმაყოფილების მიზეზი არ მაქვს. ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც ყოველთვის შეგიძლია მეტის მიღწევა. ყოველთვის ვცდილობდი წინსვლას და მივაღწიე კიდეც იმას, რომ ჩემი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ვარ. გამოვდიოდი გრანდებში, "მილანთან" ერთად მოგებული მაქვს დიდი ტიტულები, ვმონაწილეობდი მაღალი დონის ტურნირებზე და ამით ძალიან ამაყი ვარ. დღემდე არ დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგის ფინალში "იუვენტუსთან" თამაში, რომლის ყველა დეტალი მახსოვს. ასეთი დაუვიწყარი მატჩები ბევრი მაქვს...

- რის ან ვის გარეშე ვერ იქნებოდით ის, ვინც ახლა ხართ?
- ვფიქრობ, ვერაფერს მივაღწევდი ფეხბურთის, სპორტის, შრომისმოყვარეობის სიყვარულისა და წარმატების გარეშე. გარდა ამისა, ყოველთვის მეხმარებოდა ჩემი ოჯახისა და თანამემამულეების სიყვარული.

- კარიერის განმავლობაში ბევრ სახელიან მწვრთნელთან მოგიწიათ მუშაობა. რომელმა დაგიტოვათ წარუშლელი კვალი?

- მადლიერებით ვიხსენებ ყველას, მათ შორის იმათაც, ვინც ჯერ კიდევ ბავშვობაში მასწავლიდა ფეხბურთის თამაშს. პირველი საბაზისო ცოდნა, რომელიც მერე განვავითარე, თბილისის "დინამოსა" და, რა თქმა უნდა, კიევში მომცეს. განსაკუთრებული მწვრთნელი და მასწავლებელი, ამ სიტყვის სრული გაგებით, ჩემთვის ვალერი ლობანოვსკი იყო. მასთან მუშაობისას იმ დონეს მივაღწიე, რომელმაც "მილანში" გადასვლის საშუალება მომცა. იქ კი საინტერესო იყო ფათიჰ თერიმთან და კარლო ანჩელოტისთან მუშაობა.

- როგორ მიიპყარით ვალერი ლობანოვსკის ყურადღება, სად შეგნიშნათ?

- როგორც მახოვს, ლობანოვსკის ჩემი კიევში მიწვევა საქართველოს ნაკრებში იტალიის წინააღმდეგ ჩემმა თამაშმა გადააწყვეტინა. იტალიასთან ის თამაში ფრედ - 0:0 დავასრულეთ. მატჩიდან რამდენიმე ხანში კიევის "დინამოში" ჩემი ტრანსფერი განხორციელდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის გამოსამშვიდობებელი მატჩი, რთული იყო ასეთი ღონისძიების ორგანიზება?

- პირველ რიგში, ჩემთვის ეს მეგობრების, ყოფილი პარტნიორების, მეტოქეებისა და მწვრთნელების ნახვის შესაძლებლობაა, რომლებთან ერთადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე. გარდა ამისა, ეს იმ საქმისთვის პატივის მიგებაა, რომელსაც ვემსახურე. და ბოლოს, გულშემატკივრის წინაშე ვალდებულებაა - დიდი ხანია მინდოდა, თბილისში ასეთი რანგის დღესასწაულის მოწყობა. რთული იყო თუ არა მალდინისა და კანავაროს დონის ფეხბურთელების საქართველოში ჩამოყვანა? - არა, რადგან ეს ბიჭები ჩემი მეგობრები არიან და მაშინვე დათანხმდნენ მოწვევას.

- რატომ ვერ მოხერხდა გამოსათხოვარი მატჩის გამართვა შარშან, როცა ოფიციალურად დაასრულეთ სპორტული კარიერა?

- თავდაპირველად, მატჩის გამართვას 2012 წლის სექტემბერში ვგეგმავდით. მაგრამ როგორც გახსოვთ, საქართველო საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა, მე კი ოპოზიციურ პარტიაში ვიყავი. როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, ცენტრალურ სტადიონამდე "მისასვლელი გზა" გადამიკეტეს. სწორედ მაშინ შევპირდი ჩემს გულშემატკივრებს, რომ ჩვენ ჯერ არჩევნებში გავიმარჯვებდით, მერე კი გაზაფხულზე ფეხბურთიდან ჩემს გამოსაშვიდობებელ მატჩს გავმართავდი. ამ გადაწყვეტილებას კიდევ ერთი პლუსი აღმოაჩნდა - მოედანზე ჩემთან ერთად იყო ჩემი მეგობარი გიორგი დემეტრაძე, რომელიც პატიმრობიდან ამ ზამთარს გათავისუფლდა.

- ვიცით, რომ წინა ხელისუფლება მხოლოდ სტადიონზე მატჩის გამართვაში კი არ გზღუდავდათ, არამედ მათ დააყადაღეს თქვენი საბანკო ანგარიშები, ქონება. მიუხედავად ამისა, არ გქონდათ იმედგაცრუება, არ გაგიჩნდათ იტალიაში დაბრუნების სურვილი?
- მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოვედი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოში ჩემს ბიზნესს მართლაც სერიოზული პრობლემები შეექმნა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემთვის ეს არ გამხდარა გაჩერებისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის შეჩერების მიზეზი. საკუთარ ძალებში იმანაც დამარწმუნა, რომ მსგავსი პრობლემები საქართველოში ათასობით ადამიანს ჰქონდა, რომელთაც ჩვენი კოალიციის იწამეს და არ დაკარგეს იმედი, რომ შევძლებდით მათი მომავლის შეცვლას. ჩემი ხალხის ეს რწმენა, ეს სიყვარული მამხნევებს და ამ კავშირს ვერანაირი ფული და წართმეული ბიზნესი ვერ გაწყვეტს.

- რა უფრო რთული გამოდგა - არჩევნებში გამარჯვება თუ მინისტრობა, როცა ამის არანაირი გამოცდილება არ გქონდათ?

- ამის შედარება არ შეიძლება. ერთი და და მეორეც რთულია, თუმცა საინტერესო. ბავშვობიდან შეჩვეული ვარ მიზნების დასახვასა და მათ განხორციელებას, როგორც სპორტში, ისე სამუშაოსა და პოლიტიკაში.

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ხართ, ახერხებთ თუა რა სპორტული ფორმის შენარჩუნებას?

- იმ ნახევარი წლის განმავლობაში, რაც მინისტრთა კაბინეტში ვარ, იყო დღეები და კვირები, როცა არათუ ვარჯიშს, გამოძინებასაც ვერ ვახერხებდი. რა თქმა უნდა, ვცდილობ მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშს, დავდივარ სავარჯიშო დარბაზში, თუმცა ამას ან დილით ადრე ვახერხებ, ან ძალიან გვიან, როცა ნორმალურ ადამიანებს სძინავთ.

- გარდა იმისა, რომ მაღალანაზღაურებადი მოხელე ხართ, ორი ბიჭუნას მამაც ხართ. ახერხებთ თუ არა მათთვის დროის გამონახვას?

- ჩემი ოჯახი ჩემთვის უმთავრესია. თუ ვინმე ამბობს, რომ მას დრო არ ჰყოფნის საყვარელი ადამიანისთვის, ბავშვების აღზრდისთვის, მაშინ ყველაფერს, რასაც ის აკეთებს, აზრი არა აქვს.

- ფეხბურთელობისას ჩემპიონთა ლიგისა და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოების მოგებაზე ოცნებობდით. ახლა რა მიზნები გაქვთ?
- ახლა იმაზე ვოცნებობ, რომ ქართული ოცნება ახდეს.

- რას ნანობთ?
- ერთადერთი სინანული, რომელიც ჩემს საფეხბურთო კარიერას უკავშირდება, ისაა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირებზე ვერ ვითამაშე. და რა თქმა უნდა, ერთ მატჩში გატანილი ორ გოლზე, რომელიც 2009 წელს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში გავიტანე.

- რა პროექტები გაქვთ?
- ვცდილობ, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს დავეხმარო. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე მინდოდა თბილისში სპორტული სკოლის შექმნა, თუმცა მერიასთან მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, ადგილი არ გამომიყვეს მშენებლობისთვის. თუმცა, მაინც მაქვს იმედი, რომ ჩემსას გავიტან. მაქვს ახალი პროექტიც - მინდა ორი სპორტული სკოლა გავხსნა ჩემს მშობლიურ სამტრედიაში. არ გამოვრიცხავ, ეს სკოლა უფასო იყოს.

- რატომ გახდით პოლიტიკოსი?
- სპორტში ყველაფერი მოვიგე. როგორც ფეხბურთელმა, ამოვწურე საკუთარი შესაძლებლობები. თავიდანვე ვუთხარი საკუთარ თავს, რომ მწვრთნელის კარიერა საჩემო არ იყო. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკაში წასვლას, ამისკენ გასულ წლებში ჩემს ქვეყნებში შექმნილმა სიტუაციამ მიბიძგა. როცა თბილისში დავბრუნდი და ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ გუნდში მიმიწვია, ბევრი რამ გადავაფასე სააკაშვილის ქმედებებში. ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში მე მას კრიტიკული შეკითხვა დავუსვი, რომელზეც მას არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge

რონალდუმ ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია გახსნა




პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ, ანდრეი შევჩენკოსთან ერთად, თბილისის “დინამოს” ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია გახსნა. 

პორტუგალიელ და უკრაინელ ვარსკვლავებთან ერთად კახა კალაძეც იმყოფებოდა.

U19 - ევროპირველობის ყველა დეტალი ცნობილია



სფფ-ის ტექნიკური დირექტორის - ნიკოლოზ ჩხეიძის ლიტვიდან დაბრუნების შემდეგ, ცნობილია ყველა დეტალი, თუ როგორ და სად იცხოვრებს ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საქართველოს 19-წლამდე ნაკრები და სად გამართავს თამაშებს.
ჩემპიონატის მასპინძელი სამი სტადიონია - კაუნასის „Darius & Girenas Stadium (ტევადობა - 9180 მაყურებელი), სადაც ჯგუფური ეტაპის 4 მატჩი და 1 ნახევარფინალი გაიმართება. მარიამპოლის სტადიონი (ტევადობა - 6250 მაყურებელი), სადაც ჯგუფური ეტაპის 4 მატჩი და ფინალური შეხვედრა ჩატარდება და ალიტუსის სტადიონი (ტევადობა - 3748), რომელიც ჯგუფური ეტაპის 4 შეხვედრასა და 1 ნახევარფინალს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალი კი, მარიამპოლის სტადიონზე, 1 აგვისტოს გაიმართება.
მატჩებზე დასასწრები ერთჯერადი ბილეთები 2 ევრო ღირს. აბონემენტის შეძენა კი, გულშემატკივარს 9 ევროდ შეუძლია.
20 ივლისს, საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას ფრანგების წინაღმდეგ გამართავს ალიტუსის სტადიონზე. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 23 ივლისს, უკვე სერბებს შევხვდებით მარიამპოლის სტადიონზე. მატჩი თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება. გია ცეცაძის გუნდი ჯგუფის ბოლო შეხვედრასაც მარიამპოლის სტადიონზე - თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დასაწყისი  - 17:30 წუთზე.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ქალაქ კაუნასში - „Radisson Kaunas Hotel“ - ში იცხოვრებს „თანაჯგუფელ“ თურქებთან, ფრანგებთან და სერბებთან ერთად. ჩვენს სასტუმროშივე იქნება უეფას საორგანიზაციო კომიტეტის ოფისიც. კაუნასშივე, „Europa Royale Kaunas Hotel“ - ში იცხოვრებენ A ჯგუფის ნაკრები გუნდები. მსაჯები კი, უეფამ „Kaunas Hotel“ - ში დააბინავა.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ჩემპიონატისწინა დასკვნით შეკრებაზე 6 ივლისს, რიგაში გაემგზავრება და ლატვიაში 16 ივლისამდე დარჩება. ამის შემდეგ კი, გუნდი უკვე კაუნასში წავა და ევროპირველობის ფერხულში ჩაებმება. რიგაში გამგზავრებამდე, გია ცეცაძე საქართველოში მყოფ ფეხბურთელებს თბილისში ავარჯიშებს.
20 ივლისი
საქართველო - საფრანგეთი (20:00. ალიტუსის სტადიონი)

23 ივლისი
სერბეთი - საქართველო (19:30. მარიამპოლის სტადიონი)

26 ივლისი
თურქეთი - საქართველო (17:30. მარიამპოლის სტადიონი)
სფფ-ის პრესსამსახური

დინამო TV – დინამო მოსკოვი თბილისში



დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე თბილისს დინამო მოსკოვი ეწვია. დინამო TV გთავაზობთ სიუჟეტს – დინამო მოსკოვი თბილისში.

ჩვენი „ათიანი“ 62-ის გახდებოდა...




სრულიად ქართული საფეხბურთო საზოგადოება და გულშემატკივრები დღეს კიდევ ერთხელ და არაერთხელ იხსენებენ დავით ყიფიანს, რომელსაც 62 წელი შეუსრულდა...
ქართველი ლეგენდა 2001 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა.
ქართველი გულშემატკივრისთვის, დავით ყიფიანი კერპი იყო... და ასეთად რჩება მათთვისაც კი, ვისაც მისი თამაში სტადიონზე არ უნახავს და მხოლოდ ვიდეოჩანაწერებიდან იცნობს.
შეუძლებელია, არ მოიხიბლო მისი თამაშის საოცრად არისტოკრატიული, უზადო მანერით... უდავოდ იშვიათია ისეთი სიყვარული და პატივისცემა, როგორიც ქართველ გულშემატკივარს გააჩნდა და გაჩნია „ყიფოს“ მიმართ.
უამრავი დაუვიწყარი თამაში, გოლი, პასი, წუთი... დაუვიწყარი 1981 წლის გაზაფხული და ლეგენდარული „დინამო“. კარიერის განმავლობაში, დავით ყიფიანმა 245 მატჩი ჩაატარა და 78 გოლი გაიტანა. 1977 წელს, ის საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
თუმცა, მას ყველაზე დიდი ტიტული და აღიარება - ქართველების გულწრფელი და მარადიული სიყვარული ჰქონდა...
კიდევ ერთი წელი და ათასობით გონებაში დატრიალებული მოგონებები... მოგონება - დავით ყიფიანი, რომელსაც დრო ვერასოდეს წაშლის.

სფფ-ის პრესსამსახური

19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები - შანსები, პროგნოზები, იმედები...




თანდათან ახლოვდება 19-წლამდე ასაკში ჩვენი პირველი ევროპის ჩემპიონატი და მღელვარება და მოლოდინი უფრო და უფრო მატულობს. დასკვნითი შეკრების დაწყებამდე სულ რამდენიმე დღეღა დარჩა. მანამდე კი, ნაკრების ფეხბურთელები კიდევ ერთხელ აფასებენ ჩვენს მეტოქეებს, შანსებს და მცირე პროგნოზებსაც აკეთებენ.
დაჩი ცნობილაძე: „კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილები დავრჩით. ასე თუ ისე, ინფორმაცია სამივე გუნდზე გვაქვს. კერძოდ, სერბეთს ორჯერ ვეთამაშეთ და კარგად გვყავს შესწავლილი. საფრანგეთს 17-წლამდე ნაკრების დროს ვეთამაშეთ. ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდნენ და არ მგონია, ამ მხრივ რამე შეეცვალათ. რაც შეეხება თურქეთს, აშკარად ძლიერი გუნდია; 9 ქულით გავიდა ჯგუფიდან და იტალია და რუსეთი დატოვა ევროპის ჩემპიონატის მიღმა. ასე რომ, არც ისე იოლი ჯგუფია...
ჩვენი შანსების შესახებ ვიტყვი, რომ არ მგონია, ელიტრაუნდში ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდები ჩვენს ახლანდელ მეტოქეებს რამით ჩამოუვარდებოდნენ. მითუმეტეს, მასპინძელი გუნდი - ბელგია გვყავდა ჯგუფში და მიუხედავად ამისა, ეს ეტაპი ჩვენთვის სასურველი შედეგით დავამთავრეთ. ასე რომ, ჯგუფიდან გასვლის შანსები, რა თქმა უნდა, არის. თან, ბიჭებმა სერიოზული გამოცდილება მივიღეთ და დიდი თვითრწმენა გვაქვს, რაც აშკარად წაგვადგება. ერთი-ორად მოტივირებულები და მობილიზებულები ვართ იმით, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს ყოფილა და ძალიან გვინდა, ჩვენი დებიუტი წარმატებულად შედგეს.“

ბაჩანა არაბული: „ისეთი ჯგუფი არაა, რომ ნახევარფინალში გასვლაზე ფიქრი არ შეიძლებოდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, სუსტი გუნდები ევროპის ჩემპიონატზე ვერ ხვდებიან და ყველა მოწინააღმდეგესთან დიდი ბრძოლა გვექნება. კარგად ვიცნობთ სერბეთის ნაკრებს, რადგან ორჯერ ვეთამაშეთ; პირველად წავაგეთ, მეორედ - მოვიგეთ. კარგი გუნდია და შეკრულ, გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ. ფრანგები ფიზიკურად ძლიერები არიან. მათ 17 წლის ასაკიდან ვიცნობთ. ჯერჯერობით, თურქეთზე ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ ელიტრაუნდიდან გამომდინარე, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს.
ჩვენ რეალურად შეგვწევს იმის ძალა, რომ ნახევარფინალში გავიდეთ და მერე უკვე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ევროპის ჩემპიონატზე ისეთი ჯგუფიდან გავედით, რომ ამაზე გაჩერება არ შეიძლება და აუცილებლად უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა ლიტვაში.

გურამ სამუშია: „ევროპის ჩემპიონატზე იოლი ჯგუფი არ არსებობს. სამივე ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია. საფრანგეთი ყველაზე კარგი ნაკრებია, მაგრამ არც სერბები და თურქები არიან ხელწამოსაკრავები. რთული თამაშები გვექნება... ჩემპიონატზე საბრძოლო განწყობით მივდივართ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ქართველი ხალხი გავახაროთ. მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა გვინდა. საკმაოდ კარგ გუნდად ჩამოვყალიბდით და ეს ბელგიაშიც დავამტკიცეთ და დავუმტკიცეთ ყველას, ვისაც ჩვენი არ სჯეროდა.
ძალიან განვიცდი და რთულია ჩემთვის, რომ პირველ თამაშს გამოვტოვებ და ტრიბუნაზე ვიჯდები... შოტლანდიასთან რომ არ ვითამაშე, კინაღამ ვიტირე... ძალიან ძნელია, თანაგუნდელებს რომ ვერ ეხმარები. რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია, არ უნდა მიმეღო ყვითელი ბარათები... მაგრამ ჩვენი ბიჭების დიდი იმედი მაქვს. გუნდში 18 ფეხბურთელი ვართ და ყველა თანაბარი დონის. მე მჯერა მათი!“

ბუდუ ზივზივაძე: „ჩემი აზრით, ჩვენი ჯგუფი მეორე ჯგუფზე იოლია, თუმცა, რთული თამაშები გველის, რადგან ძლიერი მეტოქეები გვყავს. ევროპის ჩემპიონატზე სუსტი გუნდი ვერ მოხვდება - ეს ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს, ორ მათგანს ასე თუ ისე, კარგად ვიცნობთ. სერბებს ორჯერ ვეთამაშეთ ელიტრაუნდამდე და საკმაოდ კარგი, გამართული გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს. ორივე შეხვედრაში ჩვენ საკმაო უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ახლა ეს არაფერს ნიშნავს. სერბები ისე არ ითამაშებენ, როგორც ამხანაგურ თამაშებში, რადგან სასწორზე უკვე ვეროპის ჩემპიონობა დევს და სხვა შემართება, ჟინი და მონდომება ექნებათ. საფრანგეთს 17-წლამდე ნაკრებიდან ვიცნობთ. მას მერე, მათი თამაში არ მინახავს და ბევრს ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, სერბებზე და თურქებზე უკეთესი ნაკრები ეყოლებათ. აი, თურქების თამაში ჯერ საერთოდ არ მინახავს და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ელიტრაუნდიდან გამომდინარე, სადაც ჯგუფში 9 ქულა დააგროვეს, ჩანს, რომ კარგი გუნდია.
ჩვენ კი, ჩვენი წარმატებიდან გამომდინარე, განწყობა უფრო ამაღლებული გვაქვს. ეს მუხტი უნდა შევინარჩუნოთ და ყველა თამაშზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ. ქართველები დიდი ინტერესით ელოდებიან ევროპის ჩემპიონატს. უნდა დავამტკიცოთ, რომ უფრო კარგად თამაში შეგვიძლია და ყველას იმედები გავამართლოთ. ნერვიულობის წნეხი მოხსნილი გვაქვს და შევეცდებით, რომ უფრო ლაღად და თამამად ვითამაშოთ. ვფიქრობ, დღევანდელ 19-წლამდე ნაკრებს შესწევს იმის ძალა, რომ მინიმუმ შარშანდელი 17-წლამდელების შედეგი გაიმეოროს. თუმცა, ალბათ, მაგით არ დავკმაყოფილდებით და შევცდებით ფინალში ვითამაშოთ და ევროპის ჩემპიონატი მოვიგოთ. ამის სურვილი ყველას გვაქვს და დღევანდელი გადმოსახედიდან, საკმაო შანსები გვაქვს ევროპის ჩემპიონები გავხდეთ.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 6 ივლისს, ლატვიაში, დასკვნით შეკრებაზე გაემგზავრება. მანამდე კი, წასვლის წინ, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გუნდი მედიას და გულშემატკივრებს შეხვდება - დასწრება თავისუფალია და მოსვლა ყველა მსურველს შეუძლია. ამის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

სფფ-ის პრესსამსახური
წყარო:http://gff.ge/

კრიშტიანუ რონალდუ თბილისის ესტუმრება



დღეს, 7 ივლისს, დინამო არენაზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო მოსკოვი დაუპირისპირდებიან. დღევანდელ შეხვედრის წინ დინამო თბილისს მადრიდის რეალისა და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი, უეფას ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, თანამედროვე ფეხბურთის ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე – კრიშტიანუ რონალდუ ესტუმრება.